Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მარგველაშვილი ‘საშიშ ტენდენციაზე’ საუბრობს
Civil.ge
25 July 2016, 17:05

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრალდებები სასამართლოზე ზეწოლის შესახებ, რადგანაც იგი თავად გახდა ამ „საშიში ტენდენციის“ სამიზნე მას შემდეგ, რაც მისი ოჯახის ერთ–ერთ წევრზე „ზეწოლა განხორციელდა“.

პრეზიდენტმა ეს განცხადება 25 ივლისს პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა. ამ უკანასკნელმა განაცხადა 21 ივლისს, რომ  9-წევრიანი სასამართლოს ზოგიერთი მოსამართლის მიმართ „ზეწოლა“ და „შანტაჟი“ ხორციელდება, რათა მათ ან ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღონ გადაწყვეტილება, ან გააჭიანურონ იმ ზოგიერთ გახმაურებულ საქმეზე განაჩენის გამოტანა, რომელთაც ამჟამად სასამართლო განიხილავს.

 „მე დღეს ვესაუბრე ბატონ გიორგის და მან კონკრეტული ფაქტები დამისახელა“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. „ეს კონკრეტული ფაქტები, გამომდინარე იქიდან, რომ ეხება უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ინსტიტუტს, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლო და მისი მოსამართლეები, რომელთაც აქვთ უმაღლესი დაცვის ხარისხი ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, თავისთავად ეს ფაქტი არის შემაშფოთებელი“.

„სამწუხაროდ, მინდა მოგახსენოთ, რომ ამ ფაქტებმა მე არ გამაოცა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ტენდენცია ახალი არ არის. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო მცდელობა გარკვეული ზეწოლისა სამართალდამცველების ჩართვით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„აქედან გამომდინარე, რაც მითხრა მე ბატონმა პაპუაშვილმა, ჩემთვის გასაოცარი არ არის“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან მას შემდეგ გადაწყვიტა საჯაროდ ესაუბრა თავის ოჯახის წევრზე „ზეწოლის“ შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრალდებების შესახებ შეიტყო.

„მე ამის თაობაზე საზოგადოება არ შევაწუხე იმიტომ, რომ ჩემთვის ასეთი ტიპის ზეწოლა სასაცილოა – სააკაშვილის პერიოდი მაქვს გამოვლილი, მაგრამ როდესაც ვნახე, რომ ეს ტენდენცია ღრმავდება, თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, მე ეს თემა გამოვიტანე საჯაროდ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.  

მისი თქმით, მისი ოჯახის ერთ–ერთი წევრი, რომელიც მან არ დააკონკრეტა, პოლიციამ ქუჩაში გააჩერა და შემდეგ მის სახლში „სასამართლოს დადგენილების გარეშე“ ჩხრეკა ჩაატარა.
 
„ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო, მაგრამ იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის სწორედ ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველოს ის პოლიტიკოსებიც გააკრიტიკა, რომლებიც შეეცადნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული ბრალდებებისთვის ჯეროვანი ყურადღება არ დაეთმოთ. ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს „უსაფუძვლო“ ბრალდება სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პოლიტიკოსების გამოხმაურებები, რბილად რომ ვთქვათ, იყო გაუგებარი. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტზე ზეწოლის შესახებ, მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იყოს პოლიტიკოსების შეშფოთება“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. „ჩვენ ვნახეთ მთელი კასკადი განცხადებების, რომ ეს თურმე ტყუილია – საიდან იცით, რომ ტყუილია?“ 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ასევე გაიხსენა სოფელ კორცხელში მაისში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი, რომლის დროსაც პარტია ქართული ოცნების წევრებმა და მხარდამჭერებმა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს და აქტივისტებს სცემეს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ძალადობაზე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებდა. კორცხელის ინციდენტში მონაწილე ექვს პირს ბრალი დაკავების გარეშე წარედგინა. ნაციონალური მოძრაობა კონკრეტულად ბრალს სდებს ენერგეტიკის მინისტრს და მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს და აცხადებს, რომ სწორედ ის დგას იმ ჯგუფის უკან, რომელიც ოპოზიციური პარტიის წევრებს თავს დაესხა კორცხელში.

„მე იმაზეც ვისაუბრე, რომ კორცხელის შემთხვევა გარკვეულ ტენდენციებს და ბიძგებს მისცემს და ეს სინდრომი, განსაკუთრებით არჩევნების პროცესში, იქნება ძალიან რთული ყველასთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი [გიორგი კვირიკაშვილი] აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ საქმეებში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ჩნდება ტენდენციები უფრო დაბალ დონეზე კავშირების ჩამოყალიბების“ პოლიტიკოსებსა და სამართალდამცველ სტრუქტურებს, ასევე სხვა „სტრუქტურებს“ შორის, რომლებიც მან არ დააკონკრეტა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მზად არის შეხვდეს პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს იმისთვის, რომ „ჩვენ არჩევნების პროცესში გვქონდეს სამართლებრივი, მშვიდი დემოკრატიული პროცესი, იმისთვის რომ დავიცვათ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტები“ და „ამ საშიშ ტენდენციებს, რომლებიც ჩნდება ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, გავცეთ სწრაფი და ადეკვატური პასუხი“.  

მისი თქმით, ეს „საშიში ტენდენცია“ მდგომარეობს იმაში, როდესაც „პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ  არაფორმალური კავშირები სამართალდამცავებთან ან სხვა ტიპის სტრუქტურებთან და ეს ტენდენცია მოხმარებულია პოლიტიკური მიზნებისთვის“.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები ამაში ჩართული არ არიან“, – განაცხადა მან.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს შეტყობინება გაუგზავნა, რათა მისთვის „სასურველ დროს“ გამოცხადდეს პროკურატურაში და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე.

პაპუაშვილმა განაცხადა 25 ივლისს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, რომ როდესაც შარშან ის სასამართლოზე ზეწოლის შესახებ საუბრობდა, სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა და ახლა საჭიროდ მიაჩნია, რომ ეს საკითხი პირდაპირ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, მათ შორის პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილთან დააყენოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას მთავარ პროკურორს. 

 

 

highlightSearchTerms('maintext','', 'yellow'); highlightSearchTerms('titletext','', 'yellow'); უახლესი ამბები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი